საზოგადოება
11.02.2021 13:49
გორის კულტურისა და დასვენების პარკში დამონტაჟებული ატრაქციონები ახალბაღის რეაბილიტაციის დასრულებამდე არ ამოქმედდება

გორის კულტურისა და დასვენების პარკ ახალბაღში ექვსი ერთეული ატრაქციონი გასულ წელს დაამონტაჟეს, თუმცა, როგორც GMnews-ისთვის გახდა ცნობილი, ახალი ატრაქციონები პარკის სრული რეაბილიტაციის დასრულებამდე არ ამოქმედდება. 

როგორც ა(ა)იპ გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვიანიშვილმა GMnews-თან საუბრისას აღნიშნა, პარკის რეაბილიტაციის გარდა, ატრაქციონების ექსპლოატაციაში შესასვლელად გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი (მაგ: სალაროები, თითოეული ატრაქციონით სარგებლობისთვის მოსაწყობია შესასვლელები და ა.შ.), რაც ახალბაღის რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელდება.

რაც შეეხება ახალბაღის რეაბილიტაციას, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც ცნობილია, წინადადებების მიღება 15 თებერვალს იწურება. სატენდერო პირობების მიხედვით, დაგეგმილი სამუშაოები გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.

კვირის ამბები