ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც დეკრეტული შვებულება ორ ნაწილად არის გაყოფილი: ორსულობისა და მშობიარობის გამო აღებული შვებულება და ბავშვის მოვლის გამო აღებული შვებულება.
GMnews-ის ინფორმაციით, შეიცვალა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი დღეების რაოდენობაც. დასაქმებულს მოთხოვნის საფუძველზე, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა, მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 143 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება კი - 57 კალენდარული დღის ოდენობით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება, როგორც ბავშვის დედას, ასევე მამასაც შეუძლია. ბავშვის მამა, ასევე, უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით.
„დასაქმებული მშობლის - მამის მიერ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მისაღებად, სხვა დოკუმენტებთან ერთად აუცილებელია სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ გაცემული ცნობა, იმის შესახებ, რომ ბავშვის მშობელი (დედა) არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე. რაც შეეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობას, განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა, შემდეგი პრინციპით: ორივე დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული დღეების პროპორციულად, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა; ერთ-ერთი დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში-ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა; დასაქმებულ მშობელს (მამა) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, იმ შემთხვევაში თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ან ნაწილობრივ ისარგებლა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით; უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულს, რომელიც იმავდროულად არის საჯარო მოსამსახურე, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა,“ - ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.