ტურიზმი
04.11.2019 10:11
სხვილოს ციხე - კასპის მუნიციპალიტეტი

სხვილოს ციხე, შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. სხვილოს ციხე გადაჰყურებს ლეხურის ხეობასა და ტირიფონის გაშლილ ვაკეს. აგებულია XIV საუკუნეში. ვარაუდობენ, რომ აქ ციხე ადრევე იყო.

სხვილოს ციხის ისტორია ზევდგენიძეთა ფეოდალური საგვარეულოს აღზევებას უკავშირდება. XVII საუკუნეში სხვილოს ციხე ქართლის გამგებლის გივი ამილახვარის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო. სხვილოს ციხე XVIII საუკუნის ბოლომდე ამილახვართა საგვარეულოს ეკუთვნოდა. ციხე წარმოადგენს წაგრძელებულ, ოთხკუთხედის ფორმის ნაგებობას, რომელსაც ერთადერთი ვიწრო შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა.

ციხის თავსა და ბოლოში თითო კოშკი დგას. ორივე ხუთსართულიანი უნდა ყოფილიყო, მათგან მთავარია ჩრდილოეთის კოშკი. ციხის ტერიტორიაზე მცირე ზომის ეკლესია იდგა, შემდეგში, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, სივიწროვის გამო მას თავზე მეორე ეკლესია დააშენეს. ეკლესიის დასავლეთით დიდი ზომის წყალსაცავია. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები.

 
კვირის ამბები