საზოგადოება
10.02.2021 12:51
გაჩერებები ძალიან დაშორებულია, ფეხით დიდი მანძილის გავლა გვიწევს - გორში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მგზავრების უკმაყოფილება და მერიის პასუხი

8 თებერვლიდან გორში მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, პანდემიის გამო, საზოგადოებას დროებით უფასოდ ემსახურება.

ქალაქის სხვადასხვა მარშრუტზე მოძრავი ავტობუსებით მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს, თუმცა, არაერთი მოქალაქე უკმაყოფილებას გამოთქვამს გაჩერებებს შორის არსებული დიდი მანძილის გამო.

,,ვიდრე მიკროავტობუსები დადიოდა, გაცილებით ბევრგან აჩერებდნენ და ქალაქში გადაადგილება რთული არ იყო. ახლა კი, მართალია, ეს ახალი ავტობუსები ბევრად კომფორტულია და ჯერჯერობით მგზავრობის თანხის გადახდაც არ გვიწევს, მაგრამ გაჩერებები ძალიან დაშორებულია. მაგალითად, სტადიონიდან თეატრამდე საკმაოდ დიდი მანძილია და სადღაც შუაში რომ გინდოდეს მისვლა, ფეხით დიდი მანძილის გავლა გიწევს. კიდევ უფრო შორსაა გაჩერებები სამხატვრო სკოლასა და სუხიშვილის ქუჩას შორის", - აღნიშნა GMnews-თან ერთ-ერთმა მგზავრმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ განჯელაშვილი GMnews-თან აცხადებს, რომ ამჟამად არსებული გაჩერებები დადგენილი სტანდარტის შესაბამისადაა ერთმანეთისგან დაშორებული (400 მეტრიანი დისტანციით).

განჯელაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი, იგივე - გაჩერებების შესაბამისი საგზაო ნიშნების მონტაჟი, ყვითელი ზოლით გაჩერებების ადგილის მონიშვნა, აღნიშნული სამუშაოები კი დღეიდან დაიწყება.

გორის მუნიციპალიტეტში 25 ახალ ავტობუსს უახლოეს მომავალში კიდევ 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება დაემატება. თითოეულ ავტობუსში გადახდის ელექტრონული ტერმინალის დამონტაჟება იგეგმება, ასევე, ქალაქის მასშტაბით არსებულ 40 გაჩერებაზე განთავსდება ელექტრო ტაბლოებიც.

კვირის ამბები