პირებისთვის, რომლებიც 2020 წლის საარჩევნო პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ, 200-ლარიანი კომპენსაციის მიღება შეუძლიათ, - აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.
უწყების ცნობით, ასევე, გაიზარდა იმ პირთა წრე, ვისაც აღნიშნული კომპენსაციის მიღება შეუძლია.
„საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ 2020 წელს, საარჩევნო პერიოდში, პირი დაქირავებული იყო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და ამ პერიოდის მიხედვით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უფიქსირდება ხელფასის მიღება, ეს გარემოება აღარ იწვევს კომპენსაციის გაცემის შეზღუდვას. ცვლილება შეეხო იმ პირებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ კომპენსაციის გაცემის პირობებს, მაგრამ მათზე განაცხადების წარდგენა ვერ განხორციელდა, დამქირავებელი მეწარმე ფიზიკური პირის გარდაცვალების ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო. ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემის მიზნით, 22 თებერვლის ჩათვლით, დაქირავებულ პირს თავად შეუძლია წარადგინოს განცხადება შემოსავლების სამსახურში.
ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით (ვინაიდან 20 თებერვალი არის არასამუშაო დღე), რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახუის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 11 900 განაცხადია დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად (1 იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.