გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას 2021 წელსაც სთავაზობს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და უწყება, შესაძლებლობის ფარგლებში, მოქალაქეებს ლიმიტირებული ფულადი დახმარებებით მიმდინარე წელსაც უზრუნველყოფს.
GMnews-ის ინფორმაციით, შემწეობებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, დახმარებას შემდეგი დაავადებების მქონე პირები მიიღებენ: იშვიათი დაავადების მქონე ადამიანები; ცერებრალური დამბლის მქონე პირები; დაუნის სინდრომის მატარებელი მოქალქეები; არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე ადამიანები; კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80) დაავადების მქონე პირები; ჰიდროცეფალიით დაავადებულები და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული პირები. რაც შეეხება თანხის წლიურ ლიმიტს, 500 ლარია.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.