საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს ცოტა ხნის წინ წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონსტანტინე ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.
„მზად ვარ, აქტიურად ვიმუშაო გუბერნატორებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად, როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე, სოციალური მიმართულებით უკეთესი შედეგები დავდოთ“, - განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე ანანიაშვილი მუშაობდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე. იგი 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2013-2016 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.