ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, დეტალურ ინსტრუქციებს სკოლები დღესვე მიიღებენ.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში დაწყებული მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლა ამაზე მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან. მთავარს მინდა გავუსვა ხაზი, ძალიან სასიხარულოა და დიდი მიღწევაა, რომ სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს, საკლასო ოთახებს, ჩვენ გვინდა, რომ ეს შენარჩუნდეს, რომ აღარ მოგვიწიოს ისევ დისტანციური ფორმატზე გადასვლა, იმისთვის, რომ შენარჩუნდეს აღნიშნული დადებითი მაჩვენებელი, პირბადეების თემას ვამატებთ. ჩვენ დეტალურად გავივლით პროტოკოლს, ამჯერად მშობლებმა უნდა გამოიტანონ თავიანთ შვილებს პირბადე. დეტალური პროტოკოლი შემუშავდება, რასაკვირველია, გამოქვეყნდება და რაც მთავარია, სკოლებს კომუნიკაცია ექნებათ მშობლებთან. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ის, რაც მოსალოცი ამბავია, რომ სასწავლო პროცესი უბრუნდება ბუნებრივი გარემოს. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს შევინარჩუნოთ და აღარ მოგვიწევს ისევ დისტანციური ფორმატზე გადასვლა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი სკოლებში 15 თებერვლიდან განახლდება.