გორის მუნიციპალიტეტის მერია, აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1) ბავშვებსა და სკოლიოზით დაავადებულ პირებს მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას გაუწევს. მერიაში აცხადებენ, რომ დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მოსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი, დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.
როგორც GMnews-ისთვის ცნობილია, აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1) ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარების წლის ლიმიტი 2000 ლარია.
სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება კი, შემდეგს ითვალისწინებს: II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების (ასაკი: 0-დან 18-წლის ჩათვლით; სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70 000-ის ჩათვლით) მკურნალობა, ლიმიტი - 300 ლარი;
II და III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარებისთვის ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე (ერთჯერადი ფულადი დახმარება; სარეიტინგო ქულა 0-დან 70 000-ის ჩათვლით, დაფინანსდება 1 თვე /12 პროცედურა; კვირაში 3 დღე/).
მერიის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებიც, რაც 350 ლარიან წლიურ ლიმიტს გულისხმობს. კუთვნილი დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.