საქართველოში იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა იწყება, ვინც ახალი კორონავირუსი გადაიტანა. კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება და კვლევაში ყველა ის პირი ჩაერთვება, რომელიც მკურნალობას გადიოდა როგორც ბინაზე, ასევე კლინიკაში.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, თითოეული პაციენტის კვლევისთვის დაახლოებით 5 დღე იქნება საჭირო და კვლევას მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო ჩაატარებს. ცერცვაძის ინფორმაციითვე, პირველი კვლევის ჩატარების შემდეგ, იმავე პაციენტებს განმეორებითი კვლევა ერთი და სამი თვის შემდეგაც ჩაუტარდებათ.
,,ამ კვლევაში ნახევარი იქნება ბინაზე კოვიდგადატანილი პაციენტი, მეორე ნახევარი კი ის, ვინც კლინიკაში მკურნალობდა. ჩვენ გამოვიძახებთ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გავიგოთ, პოსტკოვიდური სინდრომი რამდენად ხშირია კოვიდგადატანილ პაციენტებში. ეს კვლევა ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. სულ 2-3 მსგავსი კვლევაა ჩატარებული, რომლითაც შემდეგ კლინიკებმა და ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ. უნდა დავადგინოთ რამდენ პროცენტში ვითარდება პოსტკოვიდური სინდორმი, რომელი ორგანო ზიანდება უფრო, რომელი დაზიანებებია ხშირი და ა.შ. ყველაფერ ამაზე დაიდება პასუხები და ამით იხელმძღვანელებს ქვეყნის ყველა კლინიკა და ექიმი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიქმნება პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო პოსკოვიდური სინდრომის მქონე მოქალაქეებს უფასოდ უმკურნალებს.