დღეიდან, 8 თებერვლიდან გორში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, პანდემიის გამო, საზოგადოებას დროებით უფასოდ მოემსახურება, - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
GMnews-ის ინფორმაციით, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი 07:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებს.
ცნობისთვის, ქალაქში 25 ახალი ავტობუსი დღეს დილით გამოჩნდა, უახლოეს მომავალში კი, კიდევ 5 ავტობუსი დაემატება და იმ მარშრუტებზე გადანაწილდება, სადაც თავისუფალი ხაზია.
ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული 25 ახალი ავტობუსი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას, აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
შეგახსენებთ, რომ თითოეულ ავტობუსში უნდა დამონტაჟდეს გადახდის ელექტრონული ტერმინალი, ასევე, ქალაქის მასშტაბით, 40 გაჩერებაზე განთავსდება ელექტრო ტაბლოები. რაც შეეხება გადაადგილებისას მგზავრთა და მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის საკითხს, მოქალაქე (ასევე, მძღოლი) ვალდებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას ატაროს პირბადე და დაიცვას სოციალური დისტანცია.