საზოგადოება
08.02.2021 09:58
დღეს დავითობა აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.

წმინდა დავით აღმაშენებელმა დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დააბრუნა. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელწოდებით არის ცნობილი. კრებამ ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა.

მეფემ, გარკვეულ ხანში, საქართველო თურქთაგან გაათავისუფლა. 1121 წელს კი, წმინდა მეფე დავითმა დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს, 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა. სწორედ დავით აღმაშენებლს მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.

წმინდა მეფე 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი“ დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.

ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

კვირის ამბები