კონფლიქტები
28.10.2019 00:00
თავდაცვის მინისტრმა სამშვიდობო მისიის მონაწილე ჯარისკაცები გორიდან გააცილა

გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირადად დაესწრო და ქართველ მშვიდობისმყოფელებს ქვეყნის ერთგულებისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანაა, რაც სწორედ ქართველი სამხედროების დამსახურებაა. ამიტომაც, სამშობლოში თქვენი მშვიდობით დაბრუნება ქვეყნისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს, ასევე, უწყების სამომავლო გეგმები გააცნო, რაც ჯარისკაცებისთვის აღჭურვილობისა და ეკიპირების, სოციალური, ინფრასტრუქტურული და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ხოლო II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში სამშვიდობო ოპერაციების შესრულებას რამდენიმე დღეში შეუდგებიან.

კვირის ამბები