საზოგადოება
06.02.2021 16:30
მშობლების არჩევანის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 28 კლასი სწავლას დისტანციურად განაგრძობს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი 1-ლი თებერვლიდან საკლასო ოთახებში განახლდა, თუმცა, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ.

მშობლების მიმართვის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედ 67 საჯარო სკოლაში 28 კლასი სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

აღნიშნულის გარდა, ონლაინსწავლების სურვილი გამოთქვა ქალაქის სკოლების 130-მა მოსწავლემ, შესაბამისად, აღნიშნულ მოსწავლეებს ონლაინგაკვეთილები ინდივიდუალურად ჩაუტარდებათ.

,,მოგეხსენებათ, განათლების სამინისტრომ მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა. არჩევანის დაფიქსირების ვადა 3 თებერვალს ამოიწურა და შესაბამისად, ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, სად რომელი კლასი გადადის დისტანციური სწავლების მოდელზე. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ 67 საჯარო სკოლაში 28 კლასი განაგრძობს სწავლას ონლაინ ფორმატით, ანუ, აღნიშნულ კლასებში დისტანციური სწავლების სურვილი მოსწავლეებისა და მათი მშობლების 70%-მა დააფიქსირა, აღნიშნულის გარდა, რაც შეეხება ქალაქის სკოლებს, გორის 10 სხვადასხვა სკოლაში 130-მა მოსწავლემ ინდივიდუალურად დააფიქსირა ონლაინ სწავლების სურვილი, შესაბამისად, ამ მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში", - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კლასში ონლაინსწავლების ერთი ან რამდენიმე მსურველის დაფიქსირების შემთხვევაში, საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილის პარალელურად, პედაგოგს ონლაინგაკვეთილის ჩატარებაც მოუწევს. დისტანციური სწავლების მოდელზე კი კლასი იმ შემთხვევაში გადადის, თუ მოსწავლეთა 70% ონლაინსწავლების სურვილს გამოთქვამს.

კვირის ამბები