გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება მოსახლეობის ხუთ კატეგორიას გაეწევა. ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს დევნილების, ომის ვეტერანების, უპატრონო მიცვალებულებისა და იმ ოჯახების წევრების სარიტუალო ხარჯების დაფინანსებას, რომლებიც სარგებლობენ მერიის ქირავნობის პროგრამით და უწყების მიერ უზრუნველყოფილნი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით.
როგორც GMnews-სთვის ცნობილი გახდა, მერია, გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობისას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების სოციალურად დაუცველი წევრების წილის დაფინანსებასაც უზრუნველყოფს. 2021 წელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში კი, იმ მოქალაქეებს, რომლებიც საჭიროებენ დიალიზის პროცედურას, ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ.
შეგახსენებთ, ზემოხსენებული დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. კუთვნილი თანხის მისაღებად, მათ წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.