საზოგადოება
05.02.2021 11:33
გორის მერია ყოფილ მსჯავრდებულებს, სახელმწიფო ზრუნვის პროგრამიდან გასულ პირებს და რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს ფინანსურად დაეხმარება

გორის მუნიციპალიტეტის მერია ცდილობს, შესაძლებლობის ფარგლებში, ერთჯერადი ფულადი შემწეობების მეშვეობით, მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესოს, - აღნიშნულის შესახებ, GMnews-ს ადგილობრივ თვითმმართველობაში განუცხადეს. მერიის ინფორმაციითვე, მიმდინარე წელს, გორის მერიისგან სოციალურ დახმარებას  სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები მიიღებენ.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებულ ყოფილ მსჯავრდებულებს, გორის მერია წელიწადში ერთხელ 250 ლარიან ფინანსურ დახმარებას გაუწევს. 300 ლარიანი შემწეობით ისარგებლებენ არაუმეტეს 21 წლის ის მოქალაქეები, რომლებიც 2021 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო ზრუნვის პროგრამიდან გავიდნენ. ზემოხსენებულ სოციალურ პროგრამაში გათვალისწინებულია რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების  თანადაფინანსებით დახმარებაც - ასეთ შემთხვევაში, თითოეულ ბავშვზე თვეში 80 ლარი გაიცემა.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. კუთვნილი თანხის მისაღებად, მათ წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.

კვირის ამბები