საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი ღონისძიებების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან უქმდება.
,,ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება:
ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით -
- აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა შაბათ-კვირისა;
- გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები - გარდა შაბათ-კვირისა;
ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით:
- ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);
- კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა;
- მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
- ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით", - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.