მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სასწავლო პროცესი, 1-ლი თებერვლიდან, საკლასო ოთახებში განახლდა. თუმცა, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევათ.
როგორც ცნობილია, მშობლებს სპეციალურ პორტალზე დისტანციური სწავლების სურვილის დაფიქსირების ვადა ხვალ ეწურებათ. GMnews დაინტერესდა, მაღალია თუ არა ინლაინსწავლების მოთხოვნით მშობელთა აქტივობა. საკითხის გასარკვევად რამდენიმე საჯარო სკოლის ხელმძღვანელს დავუკავშირდით.
გორის მასშტაბით მშობელთა ყველაზე მაღალი მიმართვიანობა მეოთხე საჯარო სკოლაში ფიქსირდება. როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, მარინა აბუაშვილი GMnews-თან საუბრისას ამბობს, დღეის მონაცემებით, სკოლაში ოთხი კლასის სრული შემადგენლობა ითხოვს ონლაინსწავლებას.
„როგორც იცით, ონლაინსწავლების მსურველთა რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება და კონკრეტული ციფრებიც ხვალ მეცოდინება, თუმცა, დღეის მდგომარეობით დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ოთხი კლასის სრული შემადგენლობა გადადის ონლაინსწავლებაზე. სხვა კლასებშიც ფიქსირდება მცირედი აქტივობა, თუმცა, თითო-ოროლა შემთხვევა. მოგეხსენებათ, სკოლა ისედაც ჰიბრიდული მოდელით სწავლობს და მოსწავლეთა დიდი რაოდენობა ისედაც არ იყრის თავს სკოლაში ყოველდღიურად“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას მარინა აბუაშვილმა.
დღეის მონაცემებით, ერთი კლასი გადავა ონალინსწალებაზე გორის მეორე საჯარო სკოლაში. მთლიანობაში კი, საგანმანათლებლო დაწესებულებაში 14-მდე მოსწავლის მშობლის განაცხადი დაფიქსირდა.
„მომართვიანობა არც ისე მაღალია, პირიქით, საკმაოდ კარგი დასწრება გვაქვს და მოხარული ვარ, რომ მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდნენ. ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთ კლასში დაფიქსირდა მშობელთა მაღალი აქტივობა ონლაინსწავლების მოთხოვნით, შესაბამისად, აღნიშნული კლასი გადავა ონლაინსწავლებაზე. სხვა კლასებში კი, 12-14 განაცხადია ატვირთული მთელი სკოლის მასშტაბით“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ბერძნიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კლასში ონლაინსწავლების ერთი მსუველიც რომ დაფიქსირდეს, მასწავლებელს ონლაინგაკვეთილის ჩატარება მოუწევს, იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლეთა 70% ონლაინსწავლების სურვილს გამოთქვას, მთელი კლასი სწავლების აღნიშნულ მოდელზე გადავა.
მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - www. online.emis. ge რეგისტრაცია 29 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს იწურება.