შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით,
აფეთქების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგენას ექვემდებარება და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა უკვე დაწყებულია. „ადგილზე გავეცანით ინფრასტრუქტურული მიმართულებით არსებულ მდგომარეობას. ამ დროისთვის არც ერთ ოჯახს არ აქვს განთავსების პრობლემა, რაც შეეხება აღდგენით სამუშაოებს, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და დაჩქარებულ რეჟიმში მოხდება აღდგენა. შესაბამისად, ყველა მოსახლე უსაფრთხო გარემოში დაუბრუნდება თავის ბინას. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოკეთდება”, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები. ასევე, დაზიანებულია ეზოში გაჩერებული 1 ავტომანქანა.
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე დევნილების საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ღამით მოხდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა.
,,შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან მოხდა მობინადრეების გამოყვანა. ოჯახების უმრავლესობა დაბინავებულია ნათესავებთან, ორი კი ჯერ სასტუმროში განვათავსეთ, თუმცა თავადანვე გამოთქვეს სურვილი, რომ ნათესავებთან წასულიყვნენ. ორივე ოჯახს დავეხმარეთ და უზრუნველვყავით მათი გადაყვანა ახლობლებთან. მერია მზად არის, თითოეულ მათგანს გაუწიოს შესაბამისი დახმარება”, - განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტები.