გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში გასართობი და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დასრულდა. პროექტის მიხედვით მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედანი, დაიგო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა გარეგანათება და დაიდგა დეკორატიული სკამები. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობაში აცხადებენ, სამუშაოებს 177 737 ლარი მოხმარდა. პროექტის განსახორციელებლად თანხა კი, გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
უფლისციხეში ახლადმოწყობილი სკვერი კონსტანტინე თავზარაშვილმა, პირველ მოადგილესთან ერასტი ელიჯარაშვილთან ერთად დაათვალიერა.
„უფლისციხეს კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემეტა. სოფლის ცენტრში, ე.წ. „ძველი კლუბის“ ადგილზე, გასართობი და დასვენებელი სივრცის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა. ეს ტერიტორია წლების მანძილზე უფუნქციოდ იყო დარჩენილი. მოგეხსენებათ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობთ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის დასასვენებელი ადგილები მოვაწყოთ,“ - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
GMnews-ის ინფორმაციით, გასულ წელს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 22 დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სამუშაოებზე, ჯამში, 916 024 ლარი დაიხარჯა.