საზოგადოება
01.02.2021 11:37
მოძრაობს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეზობელი მუნიციპალიტეტების მიმართულებით

დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან, გორსა და კიდევ ოთხ ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში - მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. 

GMnews დაინტერესდა, მოძრაობს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეზობელი მუნიციპალიტეტების მიმართულებით და საკითხის გასარკვევად გორის ავტოსადგურის ხელმძღვანელს, ზურაბ ჭეჭელაშვილს დაუკავშირდა. როგორც ჭეჭელაშვილი აღნიშნავს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე მხოლოდ შიდაგადაადგილაბაა ნებადართული და შესაბამისად, ტრანსპორტი სხვა მუნიციპალიტეტების მიმართულებით არ მოძრაობს.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით მხოლოდ ხუთ ქალაქში აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, საქალაქთაშორისო გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე, გორის მეზობელი მუნიციპალიტეტების მიმართულებით მოძრაობა არ არის. ველოდებით საკოორდინაციო საბჭოს მითითებებს, მანამდე კი, არსებული რეგულაციების სრული დაცვით განვაგრძობთ მოქალაქეთა მომსახურებას. მგზავრებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას აუცილებლად უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. რაც შეეხება სანიტარული ნორმების დაცვას, გეტყვით, რომ ყოველ საღამოს, ტრანსპორტის მოძრაობის დასრულების შემდეგ, ყველა სატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ამასთან, გარკვეული პერიოდულობით განხორციელება მძღოლთა ტესტირებაც კოვიდზე“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ზურაბ ჭეჭელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქალაქის ცენტრში არსებული ავტოსადგური დაიხურა და ექსპლოატაციაში შევიდა წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგური. დღეიდან, სწორედ ამ ლოკაციიდან მოხდება როგორც ქალაქის, ასევე რაიონის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ შეზღუდვებს, 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.

ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.

კვირის ამბები