დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან, გორსა და კიდევ ოთხ ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში - მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა.
GMnews დაინტერესდა, რა რეგულაციების დაცვით მოხდება მგზავრთა გადაყვანა და რატომ არ გამოჩნდა ქალაქის ქუჩებში ახლადშემოყვანილი ავტობუსები.
როგორც GMnews -თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ტრანსპორტისა და საზოგადოების მომსახურების განყოფილების უფრომა არჩილ განჯელაშვილმა განაცხადა, ახლადშემოყვანილი ავტობუსების ექსპლოატაციაში შესვლა გარკვეული ტექნიკური დეტალების დაზუსტებას მოითხოვს, შესაბამისად, ამ საკითხების მოგვარებამდე კვლავ სამარშრუტო ტაქსები იმოძრავებს.
„მგზავრთა გადაყვანისას გორშიც, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, როგორც მძღოლს, ასევე, ყველა მგზავრს ევალება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. რაც შეეხება ავტობუსების თემას, გეტყვით, რომ ახლადშემოყვანილი ავტობუსების ექსპლოატაციაში შესვლა გარკვეული ტექნიკური დეტალების დაზუსტებას მოითხოვს, მათ შორის, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მწარმოებელი ვალდებულია მძღოლები გადაამზადოს, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაში უნდა დამონტაჟდეს გადახდის ელექტრონული ტერმინალი, ასევე, ქალაქის მასშტაბით, 40 გაჩერებაზე უნდა განთავსდეს ელექტრო ტაბლოები, ყოველივე ეს გარკვეულ სამუშაოებს მოითხოვს, რასაც თავის მხრივ, გარკვეული დრო სჭირდება“, - განაცხადა არჩილ განჯელაშვილმა.
დღეიდან ქალაქის ცენტრში არსებული ავტოსადგური დაიხურა და ექსპლოატაციაში შევიდა წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგური. დღეიდან, სწორედ ამ ლოკაციიდან მოხდება როგორც ქალაქის, ასევე რაიონის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.
ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.