საზოგადოება
01.02.2021 10:34
დღეიდან გორში მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა აღდგა, რა რეგულაციების დაცვით მოუწევთ ფუნქციონირება აღნიშნულ ობიექტებს

დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან, გორში მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა აღდგა. რა რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ ფუნქციონირება აღნიშნულ ობიექტებს, საკითხს  GMnews-ი არკვევდა. როგორც ცნობილი გახდა, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება. მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში გაზრდილი მობილობის თავიდან ასაცილებლად , ქვეყნის ხუთ ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები და კვების ობიექტები.  მაღაზიები კი,  ისევ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ, თუმცა, ზემოხსენებული შეზღუდვების ფონზე  1-ლი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.
რაც შეეხება ღია ტიპის ბაზრობების  ფუნქციონირებისა და ამ ობიექტებისთვის დაწესებული რეგულაციების  საკითხს, პასუხის მისაღებად, GMnews-ი გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, მარი გიუნაშვილს დაუკავშირდა.
„სავაჭრო ობიექტებზე (მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები), სადაც დასაქმებულია 30-ზე მეტი თანამშრომელი, სავალდებულოა ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტესტირება სწრაფი ტესტის მეშვეობით. აღნიშნულ სიებს ადგენს ობიექტის ადმინისტრაცია და გვაწვდის. რაც შეეხება ღია ბაზრობებს, ფუნქციონირების განახლების შემდეგ, ბაზრობების თანამშრომელთა 20%-ის ტესტირება ყოველ მეთოთხმეტე დღეს უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე კი, ტესტირების პროცესს სხვა მიზნობრივ ჯგუფებში ვახორციელებთ. რაც შეეხება ბაზრობაზე დასაქმებულთა ტესირების პროცესს, ბაზრობების გახსნამდე 2-3 დღით ადრე დავიწყებთ,“ - აღნიშნა მარი გიუნაშვილმა.

 

კვირის ამბები