საზოგადოება
01.02.2021 10:17
კლასიდან ერთი განაცხადიც რომ შემოვიდეს ონლაინსწავლებაზე, მასწავლებელს ონლაინგაკვეთილის დაგეგმვაც მოუწევს - ნანა ტერმაკოზაშვილი

დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევათ.

GMnews დაინტერესდა, გაკვეთილებზე დასწრების სურვილის არმქონე რამდენი მოსწავლე უნდა იყოს, რომ გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში ჩატარდეს და გამოთქვეს თუ არა ონლაინსწავლების სურვილი გორის მასშტაბით მშობლებმა. როგორც GMnews-თან და გორის საგანამანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა, კლასიდან ერთი მსუველიც რომ დაფიქსირდეს, მასწავლებელს ონლაინგაკვეთილის ჩატარება მოუწევს, იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლეთა 70% ონლაინსწავლების სურვილს გამოთქვას, მთელი კლასი სწავლების აღნიშნულ მოდელზე გადავა.

„დღეის მონაცემებით, მეოთხე საჯარო სკოლაში სამი კლასი დაფიქსირდა, სადაც მოსწავლეთა 70% დისტანციურ სწავლებას ითხოვს, თუმცა, როგორც სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელები ჩემთან საუბრისას აღნიშნავენ, სწავლების აღნიშნული მოდელის მოთხოვნით განაცხადები აქტიურად ფიქსირდება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მოსწავლეთა რა რაოდენობა უნდა დაფიქსირდეს, რომ პედაგოგმა ონლაინგაკვეთილიც ჩაატაროს, გეტყვით, რომ კლასიდან ერთი განაცხადიც რომ შემოვიდეს, მასწავლებელს ორმაგად დატვირთვა და პირისპირ სწავლების შემდეგ, ონლაინგაკვეთილის დაგეგმვაც მოუწევს“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო არ აქვს პირისპირ სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს.

მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - www. online.emis. ge რეგისტრაცია 29 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს იწურება.

კვირის ამბები