საზოგადოება
01.02.2021 09:00
პანდემიის პირობებში დაწესებული რიგი შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა - რა სახის საქმიანობაა ნებადართული

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან, ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოიხსნა, გარკვეული აკრძალვები კი კვლავ ძალაში რჩება. ნახეთ, რომელ ქალაქში რა სახის საქმიანობაა ნებადართული.

1-ლი თებერვლიდან შემდეგი შეზღუდვები მოიხსნა:

  • ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;
  • თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
  • დღეიდან შესაძლებელია სავაჭრო ობიექტებში საახალწლო დღეებში გაყიდული საქონლის გადაცვლა (რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო);
  • აჭარაში დაშვებულია კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება;
  • შსს-ს მომსახურების სააგენტო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს. დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან, ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები. პირველი თებერვლიდან, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა. სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა, ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას.
  • თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გრძელდება;
  • მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ. თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - WWW.ONLINE.EMIS.GE.
  • კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდა. შედეგად, დაახლოებით 350 საწოლი დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას;
  • პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება აღდგა;
  • საქართველოში რეგულარული ფრენები აღდგა.
კვირის ამბები