1-ლი თებერვლიდან, შსს-ს მომსახურების სააგენტო კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს.
სააგენტო მოქალაქეებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.
რა სახის სერვისები აღდგება მომსახურების სააგენტოში 1-ლი თებერვლიდან:
ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები. ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა, ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას.
რაც შეეხება მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდას, 1-ლი თებერვლიდან გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა. ასევე, შესაძლებელი იქნება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება.
რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში ყოველდღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
რა სახის სერვისები რჩება შეზღუდული მომსახურების სააგენტოში 1-ლი თებერვლიდან:
პირველი თებერვლიდან მომხმარებლებისთვის კვლავ შეზღუდული რჩება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა.
ასევე, ჯერჯერობით შეზღუდული იქნება იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარება.
კვლავ შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში, ახალქალაქისა და ამბროლაურის მომსახურების ცენტრებში.
ნებისმიერი სერვისის მისაღებად, მომსახურების სააგენტოში ვიზიტი ნებადართულია მხოლოდ პირბადით.