საზოგადოება
30.01.2021 19:51
1-ლი თებერვლიდან პანდემიის პირობებში დაწესებული რიგი შეზღუდვები მოიხსნება, გაეცანით, რა სახის საქმიანობა იქნება ნებადართული და რა აკრძალვები რჩება

საქართველოს მთავრობასთან მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოიხსნება, გარკვეული აკრძალვები კი კვლავ ძალაში დარჩება. ნახეთ, რომელ ქალაქში რა სახის საქმიანობა იქნება ნებადართული.

1-ლი თებერვლიდან შემდეგი შეზღუდვები მოიხსნება:

  • ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;
  • თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
  • შესაძლებელი იქნება სავაჭრო ობიექტებში საახალწლო დღეებში გაყიდული საქონლის გადაცვლა (რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო);
  • აჭარაში დაშვებული იქნება კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება;
  • შსს-ს მომსახურების სააგენტო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს. 1-ლი თებერვლიდან ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები. პირველი თებერვლიდან, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა. სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა, ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას.
  • თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება;
  • მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - WWW.ONLINE.EMIS.GE.
  • კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდება. შედეგად, დაახლოებით 350 საწოლი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას;
  • პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება აღდგება;
  • საქართველოში რეგულარული ფრენები აღდგება.
კვირის ამბები