განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 1-ელი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას კვლავ აძლევს, - აღნიშნულის შესახებ მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
დგებუაძის ინფორმაციით, თუ მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.
„თუ მოსწავლის მშობელს აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის აღნიშნულ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა. ეს მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. ამასთან, თუ მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - www.online.emis.ge“, - განაცხადა დგებუაძემ.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.