უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა იხსნება და სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება (თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა). მიუხედავად ამისა, სასწავლო დაწესებულებებს გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ და ეს მხოლოდ თერმოსკრინინგსა და დეზინფექციას არ ეხება.
GMnews გთავაზობთ იმ შეზღუდვების ჩამონათვალს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირისპირ სწავლების აღგენის მიუხედავად შენარჩუნდება: მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა; შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა; პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა; სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება; სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება.
გარდა ამისა, კვლავ ღიად რჩება რიგი საკითხები: როგორ ჩატარდება სპორტის გაკვეთილები? აღდგება თუ არა სკოლებში სახელოვნებო წრეები? გაიხსნება თუ არა ბუფეტები? დაუშვებენ თუ არა ექსკურსიებს?
აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ სპორტის გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში არ წარიმართება, არც სკოლის სასადილოების გახსნა იგეგმება და რა თქმა უნდა, ექსკურსიებიც არ არის დაშვებული; ხოლო რაც შეეხება სახელოვნებო წრეებს, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო იმსჯელებს და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.