საზოგადოება
29.01.2021 13:16
ფერმერებისთვის აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდა

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა  2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათების მიღება დისტანციურად  იქნება შესაძლებელი.  პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება ეტაპობრივად მოხდება  7 თებერვლიდან.

პროგრამის ბენეფიციარი ვებგვერდზე:  my. mepa. gov. ge რეგისტრაციის შემდეგ მიიღებს ბარათს, რომლის წარდგენის შემდეგ,  „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებს. ფერმერებს აგროდიზელის  ფასდაკლების ბარათების მიღება ასევე შეეძლებათ  სოფლის განვითარების  სააგენტოს  რეგიონულ სამსახურებშიც.

როგორც GMnews-ისთვის გახდა ცნობილი, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე  150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გაცემა.

ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია  საქართველოს მასშტაბით მოქმედ  „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ 89 ბენზინგასამართ სადგურზე,  ასევე, მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება. 

 

კვირის ამბები