საზოგადოება
28.01.2021 22:59
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდნენ

სტრასბურგში დასრულდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსთან. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა და უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის მაჟორიტარი წევრი გორისა და კასპის ოლქიდან გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე გამახვილდა ყურადღება და საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოში დაგეგმილი საარჩევნო სისტემის ცვლილებები და ის კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხება და საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ გასული წლის ბოლოს გაგზავნა ვენეციის კომისიაში იმისათვის, რომ კომისიის ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადოს რეკომენდაციები. ბუკიკიოს განცხადებით, კომისიამ თითქმის დაასრულა რეკომენდაციებზე მუშაობა და საქართველოში მალე მოხდება აღნიშნიული დასკვნის და რეკომენდაციების პროექტის გამოგზავნა.

,,ჩვენ ვისაუბრეთ ძალზე მნიშვნელოვან და აქტუალურ არაერთ საკითხზე, რომელიც დღეს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში განიხილება, ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებების რეფორმების კუთხით, რომელიც წინა პერიოდში განხორციელდა და ასევე იმ პაკეტზე, რომელზეც ამჟამად მუშაობს ვენეციის კომისია. უახლოეს მომავალში ველოდებით მათგან დასკვნას და რაც მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს, მათი მხრიდან არის სრული მხარდაჭერა იმ საკითხების მიმართ, რომლებზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული და მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დღესვე, საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროპის საბჭოში ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკომისარ დუნია მიატოვიჩსაც შეხვდნენ. პანდემიის დასრულებისთანავე, მიატოვიჩი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

 

კვირის ამბები