შევჯერდით, რომ ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობები მოწყობილია ღია სივრცეში, იქ ხალხის უფრო დიდი ნაკადი იყრის თავს, ვიდრე მოლებში, რაც ინფექციის გავრცელებაზე აისახება.
„მესმის, რომ არსებობს ბაზრობების რაც შეიძლება დროულად გახსნის საჭიროება. ჩვენ შევეცადეთ, დეტალურად აგვეხსნა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ყველა ის მიზეზი, რატომ არის მთავრობის მხრიდან გახსნის თანმიმდევრულობა დაცული. ისინი საკმაოდ გაგებით მოეკიდნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და შევჯერდით, რომ ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როგორც კი ეპიდემია მოგვცემს საშუალებას, მივიღებთ გადაწყვეტილებას ბაზრობების და სხვა ბიზნესის გახსნასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი არის საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა. ამ პრიორიტეტებიდან და არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ დავაყენებთ ბიზნესის საკითხებს უფრო წინ, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობები არის ღია სივრცე, იქ ადამიანების ნაკადები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მოლებში. ეს მნიშვნელოვნად აისახება შემდგომში ინფექციის გავრცელებაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება, თუმცა, შაბათ-კვირას სავაჭრო ობიექტების მუშაობა აკრძალული იქნება.
მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე, ბაზრობების წარმომადგენლებმა ღია სივრცეში ვაჭრობის აღდგენა 1-ლი თებერვლიდან მოითხოვეს.