დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო. როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
„კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი. 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში“, - ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებზე და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკურ პირებზე
მთლიანობაში, 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაერიცხება 106 080 პირს, რაც ჯამში 21 216 000 ლარს შეადგენს.