ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პირველი თებერვლიდან რეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს. ბავშვებისა და პედაგოგების მოთხოვნით, გორის მერიამ სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია განახორციელა. სასწავლო დაწესებულების შენობაში მოეწყო სველი წერტილებიც.
ქვახვრელის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რამოდენიმე დღეში დასრულდება, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოადგილესთან ერასტი ელიჯარაშვილთან ერთად დაათვალიერა.
„ქვახვრელის სკოლა ერთ-ერთია იმ 33 სკოლას შორის, რომლის რეაბილიტაციაც გორის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დაიგეგმა. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების სარეაბილიტაციო პროექტი სველი წერტილების მოწესრიგებას ითვალისწინებდა. სველი წერტილების რეაბილიტაციის პარალელურად კი, ორ სკოლაში - გორის N8 და ქვარხვრელის საჯარო სკოლებში დაიგეგმა სპორტული სივრცეების მოეწყობაც. ჯამში, 33 ობიექტზე ჩატარებულ სამუშაოებზე 1 056 795 ლარი დაიხარჯა“, - ამბობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
რაც შეეხება რეაბილიტირებული/სარეაბილიტაციო ობიექტების ჩამონათვალს, GMnews-ის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით სასწავლო გარემო გაუმჯობესდა ოთარშენის, ახალდაბის, ვარიანის, არბოს, სვენეთის, ახრისის, ქიწნისის, დიცის, პატარა გარეჯვრის, ატენის, კარბის, ბეთლემის, ზეღდულეთის, აძვის, სათემოს, ზემო ნიქოზის, ტირძნისის, არაშენდის, ზემო ხვითის, ბერშუეთის, ბოშურის, მეჯვრისხევის, რეხის, ფლავის, ქვახვრელის, ქვემო სობისის, ყელქცეულის, მეღვრეკისის, ხურვალეთის, ქვემო ხვითისა და გორის N 4, N 7 და N 8 საჯარო სკოლებში.