გორის მუნიციპალიტეტის მერია ცდილობს შესაძლებლობის ფარგლებში ერთჯერადი ფულადი შემწეობების მეშვეობით, მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესოს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 2021 წელს, გორის მერიისგან სოციალურ დახმარებას სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები მიიღებენ.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, GMnews-ი მოგაწვდით ინფორმაციას კონკრეტულად რომელი კატეგორიის მოქალაქეებს შეუძლიათ ზემოხსენებული პროგრამით სარგებლობა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ, კუთვნილი თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია კი, შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.
„გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი შემწეობით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს: სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა: 0-დან 100 000 ჩათვლით) სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსება წელიწადში ერთხელ - 500 ლარი; ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრების მოქმედ, სოციალურად დაუცველი (ქულა: 0-დან 100 000 ჩათვლით) სპორტსმენების დახმარება წელიწადში ერთხელ - 500 ლარი; დედ-მამით ობოლი ბავშვებისა (0-დან 18 წლამდე) და იმ ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ - 1000 ლარი; სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარება (მხოლოდ საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში), წელიწადში ერთხელ - არაუმეტეს 3000 ლარისა (ზარალის რაოდენობის გათვალისწინებით); საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების დახმარება - წელიწადში ერთხელ, 300 ლარის ოდენობით; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შშმ ვეტერანების დახმარება, დაწესებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი) - 300 ლარი; მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების დახმარება დაწესებული ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით - 300 ლარი;საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დახმარება „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით (17 ოქტომბერი) – 200 ლარი; დახმარება მე-3 შვილის შეძენისას (სარეიტინგო ქულა 0 - დან 150 000 - მდე; სამივე შვილი უნდა იყოს 0-დან 18 წლამდე) - 200 ლარი; 4 შვილიანი ოჯახების დახმარება (ოთხივე შვილი უნდა იყოს 0-დან 18 წლამდე) წელიწადში ერთხელ გაიცემა 400 ლარი; 5 და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება (ყველა შვილი უნდა იყოს 0-დან 18 წლამდე) წელიწადში ერთხელ თითოეულ ბავშვზე გაიცემა - 200 ლარი;
მერიის სოციალურ პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესების დახმარება - წელიწადში ერთხელ გაიცემა 1000 ლარი; სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარება, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები (0-დან 18-წლამდე) სარეიტინგო ქულა კი მიღებული აქვთ 0-დან – 70 000 ის ჩათვლით - მსგავს შემთხვევაში ბენეფიციარები 500 ლარს მიიღებენ. 70 000-დან – 100 000 ის ჩათვლით მიღებული სარეიტინგო ქულის შემთხვევაში - 300 ლარი, ხოლო თუ სარეიტინგო ქულა 100 000-დან – 150 000-ის ჩათვლითა - 200 ლარი გაიცემა; რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას, წელიწადში ერთხელ - 300 ლარია; მიუსაფარი ადამიანების ქირით უზრუნველყოფა მოხდება თვეში 100 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ადგილიობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიის ერთჯერადად გასაცემ ფულად შემწეობას ასევე მიიღებენ მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - 250 ლარი; გათვალისწინებულია, ასევე, მნიშვნელოვნად გამოხატულ (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით) წელიწადში ერთხელ - 200 ლარის ოდენობით. სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) ადამიანების დახმარება წელიწადში ერთხელ - 200 ლარი; 2021 წლის 1 იანვრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულების დახმარება წელიწადში ერთხელ - 250 ლარი; 2021 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი (არაუმეტეს 21 წლისა) მოქალაქეების დახმარება წელიწადში ერთხელ - 300 ლარი; რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით, თითოეულ ბავშვზე თვეში - 80 ლარი;
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული პროგრამა ითვალისწინებს გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების სოციალურად დაუცველი წევრების წილის დაფინანსებასაც. აქვე გეტყვით, რომ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება წელს მოსახლეობის ხუთ კატეგორიას გაეწევა. გორის მერია უზრუნველყოფს დევნილების, ომის ვეტერანების, უპატრონო მიცვალებულებისა და იმ ოჯახების წევრების სარიტუალო ხარჯების დაფინანსებას, რომლებიც სარგებლობენ მერიის ქირავნობის პროგრამით და უწყების მიერ უზრუნველყოფილნი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით. 2021 წელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში კი, იმ მოქალაქეებს, რომლებიც საჭიროებენ დიალიზის პროცედურას, ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ.