საზოგადოება
28.01.2021 11:48
განათლების უწყებას კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ ცალკე გამოეყოფა

განათლების უწყებას კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოეყოფა, ახალ სამინისტროს დაემატება მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებული ახალგაზრდობის სააგენტოც და უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით იფუნქციონირებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართული მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ, ყველას, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კუტურული მემკვიდრეობა, ისევე, როგორც თანამედროვე ხელოვნება, არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. ისევე, როგორც სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტის მიღწევებს, ნამდვილად იმსახურებს. გარდა ამისა, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების შემდგომ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები