საზოგადოება
26.01.2021 14:54
გორის სკოლებში სწავლა 1-ელი თებერვლიდან განახლდება - მზადაა თუ არა საგანმანათლებლო სექტორი პირისპირ სწავლის დასაწყებად

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებრებაში არსებულ 67-ვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასწავლო პროცესი მომავალი ორშაბათიდან საკლასო ოთახებში განახლდება. GMnews-ის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მომარაგებულია საჭირო სადეზინფექციო საშუალებებით და ამ დროისთვის, არცერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის განახლებისთვის რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ ფიქსირდება.  

„მოგეხსენებათ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია სადეზინფექციო საშუალებებით და ამ დროისთვის, სწავლის პირისპირ დაწყებისთვის რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს.

აქვე გეტყვით, რომ 1-ელ თებერვლამდე გაიტესტება ყველა პედაგოგი (ტესტირება არ ჩაუტარდება კოვიდგადატანილ მასწავლებლებს), ამასთან, სწავლის მიმდინარეობისას, გარკვეული პერიოდულობით მოხდება პედაგოგებისთვის სინჯის აღება. უკვე არსებული გამცდილების გათვალისწინებით ვიმოქმედებთ იმ შემთხვევებში, თუ რომელიმე სკოლაში დადასტურდება კოვიდინფექცია.

ვეცდებით, მაქსიმალურად დიდხანს შევინარჩუნოთ პირისპირ სწავლება სკოლაში და რაც მთავარია, ისე, რომ არ დაზიანედეს როგორც მოსწავლეების, ასევე, პედაგოგების ჯანმრთელობა“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი 1-ლი მარტიდან აღდგება. 

კვირის ამბები