საზოგადოება
26.01.2021 12:37
გორის მერია სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარებების გაცემას აგრძელებს, მიმდინარე წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 300-მდე ბენეფიციარმა

ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარებების გაცემასა და სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის ღირებულების დაფინანსებას 2021 წელსაც აგრძელებს. როგორც GMnews-თან გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მიმდინარე წელს ზემოხსენებული პროგრამით 300-მდე ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა.

დავით ჩიხრაძის თქმით, მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური დახმარებების განხორციელებას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით. აქვე გეტყვით, რომ მერიის სოციალური პროგრამით სარგებლობენ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში რეგისრტირებული შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები: ონკოლოგიური ავადმყოფები (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები;) შშმ პირები; დიალიზზე მყოფი პირები; სოციალურად დაუცველი მოსახლეობა (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები გარკვეული კატეგორიას;) დედ-მამით ობოლი ბავშვები; ვეტერანები; მრავალშვილიანი ოჯახები; ასი და ასზე მეტი წლის მოხუცები; რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები; მარტოხელა მშობლები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლები; უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა (ქირით უზრუნველყოფა); ყოფილი მსჯავრდებულები; სტუდენტები და სპორტსმენები (სოციალურად დაუცველი); ხანძრებისა და ბუნებრივი მოვლენებით დაზარალებული პირები.

„2021 წელს პროგრამაში განხორციელდა ორი ცვლილება, კონკრეტულად კი,

მიმდინარე წელს, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება სამის ნაცვლად მოსახლეობის ხუთ კატეგორიას გაეწევა. გარდა დევნილებისა, ომის ვეტერანებისა და უპატრონო მიცვალებულებისა, მიმდინარე წელს გორის მერია უზრუნველყოფს იმ ოჯახების წევრების სარიტუალო ხარჯების დაფინანსებასაც, რომლებიც სარგებლობენ მერიის ქირავნობის პროგრამით და უწყების მიერ უზრუნველყოფილნი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით. ასევე,

მიმდინარე წელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში, იმ მოქალაქეებს რომლებიც საჭიროებენ დიალიზის პროცედურას, დაუფინანსდებათ ტრანსპორტირების ხარჯები“, - აღნიშნა დავით ჩიხრაძემ.

რაც შეეხება პროგრამით სარგებლობის პროცედურებს, მოქალაქეებმა, დახმარების მიღების მიზნით მოთხოვნილი დოკუმენტაცია მერიის კანცელარიაში უნდა წარადგინონ. წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიღება კი, შესაძლებელია  ვებგვერდზე: MS.GOV.GE.

 

კვირის ამბები