გოგებაშვილის ქუჩის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციას გორის მერია უახლოეს ხანში გეგმავს, შესაბამისის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 18 იანვარს გამოაცხადა.
როგორც ირკვევა, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებული სავარაუდო ღირებულება 995 350 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრუდეს.
ცნობისთვის, გათვალისწინებულია გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე, 536 მეტრს შეადგენს. პროექტის მიხედვით, რეაბილიტირდება გზის როგორც საავტომობილო, ასევე, საფეხმავლო ნაწილი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე, მდინარე მეჯუდას სანაპიროს გასწვრივ, მოეწყობა სკვერი, გარეგანათება, მოაჯირები და განთავსდება დეკორატიული სკამები.
შეგახსენებთ, რომ გოგებაშვილი ქუჩის პირველი მონაკვეთს (26 მაისის სანაპიროდან კახნიაშვილის ქუჩამდე) რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა. გარდა იმისა, რომ განხორციელდა საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნის, ქუჩის სატრანსპორტო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაცია, ასევე, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ბულვარი და საკანალიზაციო ქსელი. სამუშაოების ღირებულებამ 1 135 236 ლარი შეადგინა.
გოგებაშვილი ქუჩის ორივე ნაწილის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით დაიგეგმა.