ცნობილი მწვრთნელი და მსოფლიო თუ ევროპის არაერთი ტიტულოვანი გორელი ფალავნის აღმზრდელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა, - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.
ნუგზარ სხირელი, 21 წლის განმავლობაში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. სხვა ცნობილ ფალავნებთან ერთად, მის აღზრდილთა შორის გახლავთ ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიალშვილი.
„ქართულმა სპორტმა მძიმე დანაკლისი განიცადა.
გარდაიცვალა უძლიერესი მწვრთნელი და დიდებული ადამიანი - ნუგზარ სხირელი.
ბატონი ნუგზარი, მსოფლიოს დონის სპეციალისტი, მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული მწვრთნელი გახლდათ. ის იყო, გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის საფუძვლის ჩამყრელი. კერის, რომლის აღზრდილებსაც დიდი ხანია სახელი და დიდება მოაქვთ ჩვენი ქვეყნისათვის და რომლითაც დიდი ხანია ამაყობს საქართველო.
ნუგზარ სხირელის აღზრდილები არიან ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ნამდვილი ტრიუმფატორები, უდიდესი სპორტსმენები თუნდაც მხოლოდ ლადო ხინჩეგაშვილისა და გენო პეტრიაშვილის ხსნება კმარა ამის დასტურად. მისი ტიტულოვანი შეგირდების სია კი ძალიან გრძელია...
გარდა ამისა, ნუგზარ სხირელი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ 21 წლის განმავლობაში და შესაბამისად, არა მხოლოდ გორელ ფალავნებზეა მისი ამაგი გაღებული.
ბატონი ნუგზარი აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული სპორტისთვის. მისი გარდაცვალებით ფაქტობრივად ერთი დიდი ეპოქა დამთავრდა საჭიდაო სამყაროში,“ - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.