მე-20 საუკუნის საქართველოში, ისევე, როგორც იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის არაერთ რესპუბლიკაში, ბევრ ოჯახში შეხვდებოდით რუსი ფერმწერის, ვასილი პუკირევის ნახატის ასლს.
პუკირევმა ,,უთანასწორო ქორწინება" 1862 წელს შექმნა და მალევე, ამ ტილომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მსოფლიო მხატვრობაში.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთისთვის უთანასწორო ქორწინების საკითხი ძალზე გავრცელებული და მტკივნეული თემა იყო. ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ახალგაზრდა, ლამაზი და თითქმის ბავშვი გოგონები იძულებულები ხდებოდნენ, მშობლების ნებას დაჰყოლოდნენ და ქონების გამო, მათზე ასაკით ბევრად უფროს, თითქმის მამისტოლ ან კიდევ უფრო ხანდაზმულ მამაკაცებს გაჰყოლოდნენ ცოლად.
ვასილი პუკირევმა საკმაოდ ახალგაზრდამ, მოსკოვის ფერწერის სასწავლებლის დამთავრებისთანავე, 1862 წელს შექმნა ,,უთანასწორო ქორწინება". ამ დროს მხატვარი მხოლოდ 31 წლის იყო. პუკირევის ტილოზე ასახულია ტაძარში ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულების პროცესია, მოხუც მამაკაცს ცოლად მოჰყავს ახალგაზრდა გოგონა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ტილოზე მხატვრის მეგობრის, სერგეი ვარენცოვის უბედური სიყვარულია ასახული. ვარენცოვის საყვარელი გოგონა მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, მდიდარ, მოხუც ფაბრიკანტს მიათხოვეს.
1863 წელს „უთანასწორო ქორწინება“ გამოფენაზე გაიტანეს, რამაც მნიშვნელოვანი პროცესების დაწყება გამოიწვია და ამგვარი შეუფერებელი წყვილის არაერთი ქორწილი ჩაშალა.
პუკირევი უამრავ შეკვეთას იღებდა, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც, თუმცა, ტრიუმფალური წარმატების შემდეგ, მოგვიანებით, მხატვარი სმას მიეძალა. მისი შემდგომი ნამუშევრები ყურადღებას აღარ იქცევდა, ბოლოს კი პუკირევი გალოთდა და მხოლოდ მეგობრების შემწეობითღა ცხოვრობდა. 1890 წლის 1-ელ ივნისს კი, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.