უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. გარდა ამისა, 1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
ვიცე-პრემიერმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან იმ შეზღუდვების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყნის ხუთ ქალაქში შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
„1-ლი თებერვლიდან 5 ქალაქში მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას, ყველა ამ ქალაქში, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.