საზოგადოება
22.01.2021 13:55
რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 1-ლი თებერვლიდან

მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა 1-ლი თებერვლიდან აღდგება ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში - შესაბმიი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს.  

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ვინაიდან, გარკვეულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქების ნიშნებია, არის იმის შესაძლებლობაც, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შემსუბუქდეს.

„დღეის მდგომარეობით, 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ. დღეს, საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგენა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, 1-ლი თებერვლიდან, განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან. ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.

ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე, შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც.

„ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების, რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია. შემსუბუქების პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. 1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

კვირის ამბები