სამართალი
21.01.2021 15:40
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველომ რუსეთს დავა მოუგო

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მოგეხსენებათ, საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაიმიჯნოს სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზა (2008 წლის 8-12 აგვისტო) და სხვა მოვლენები, რომლებიც განვითარდა საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტის შემდეგ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ.

სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მრავალი სხვა დოკუმენტი, აგრეთვე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. გარდა ამისა, სასამართლომ მოისმინა 33 მოწმის ჩვენება.

საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა:

11 ხმით 6-ის წინააღმდეგ, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად (ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება);

16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ) მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას ექვემდებარება;

16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და მე-8 მუხლებს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), ასევე კონვენციის დამატებითი ოქმის პირველ მუხლს (საკუთრების დაცვა).

ერთხმად, რომ ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ 2008 წლის 10-27 აგვისტოს საქართველოს მოქალაქეების დაკავება ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად (ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება);

ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) საქართველოს 160 მშვიდობიანი მოქალაქის დაკავების პირობებთან და დამამცირებელ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც უნდა იქნას განხილული როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა;

ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-5 მუხლს (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქეების თვითნებურ დაკავებასთან დაკავშირებით;

ერთხმად, რომ 2008 წლის 8-17 აგვისტოს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავება ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად;

16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასთან დაკავშირებით;

16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ რუსეთის იურისდიქციას ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამხრეთ ოსეთში, ან აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს;

16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლს (მიმოსვლის თავისუფლება) საქართველოს მოქალაქეების საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობასთან დაკავშირებით;

ერთხმად, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის დარღვევას (განათლების უფლება);

ერთხმად, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა პროცედურული ვალდებულება კონვენციის მეორე მუხლის შესაბამისად, ჩაატაროს არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენების, არამედ ასევე საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მომხდარი მოვლენების ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება;

16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურულ დარღვევას;

ერთხმად, რომ განმცხადებელი მთავრობის საჩივრის მე-13 მუხლის სხვა მუხლებთან შესაბამისობის ცალკე განხილვის საჭიროება არ არის;

16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ მოპასუხე სახელმწიფომ არ შეასრულა 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;

ერთხმად, რომ კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით საკითხი არ არის მზად გადაწყვეტილებისთვის და შესაბამისად სრულად უნდა გადაიდოს.

კვირის ამბები