საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებულ ვაქცინას შემოიტანენ.
„დღეს ჩვენ უნდა დავამტკიცოთ გეგმა, რომლის საბოლოო მიზანია, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი იყოს ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60%, თუმცა ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპობრივად უნდა აიცრან.
პირველ ეტაპზე, აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან: სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა მოქალაქე.
მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას ორმხრივ რეჟიმში მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული. ეს არის პრინციპული პოზიცია ჩვენი და ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.