სამართალი
31.10.2019 12:15
ელექტრონული სამაჯური მოძალადისთვის - შსს-ს ინიციატივა
მოძალადის მიმართ ზედამხედველობის განხორციელებისთვის, შსს ელექტრონული სამაჯურების სიტემას ამკვიდრებს.

ელექტრონული სამაჯური შემაკავებელი ორდერის თანმდევია და შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გარეშე არ გამოიყენებენ. მოძალადეს ელექტრონული სამაჯური შეიძლება დაუმაგრდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს. ელექტრონული საშუალებების გამოყენებისას საჭიროა მსხვერპლის თანხმობაც.

ელექტრონული სამაჯურის დამაგრების შემდეგ განსაზღვრული იქნება პირველი და მეორე რადიუსი - პირველი რადიუსის დარღვევის შემთხვევაში, როგორც მსხვერპლს, ისე მოძალადეს მიუვა შეტყობინება, რომ ერთმანეთს ერიდონ, ხოლო მეორე რადიუსის დარღვევის შემთხვევაში ავტომატურად ერთვება საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც ადგილზე მიდის. მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევითი მიახლოებისასაც კი, 112-ს აქვს უფლება დაუკავშირდეს მსხვერპლს ან მოძალადეს და მოსთხოვოს ტერიტორიის დატოვება მათი შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით.

თუ მოძალადე ელექტრონულ სამაჯურს დააზიანებს, დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ამ ეტაპზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 100 ცალ ელექტრონულ სამაჯურს და 1000 სამაჯურზე გათვლილ სერვერსა და პროგრამას ფლობს.
კვირის ამბები