დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.
GMnews-ის ინფორმაციით, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ. დევნილები და ეკომიგრანტები, 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.
განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს. დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება/წარდგენა გორში, სამების ქუჩა N1-ში შეუძლიათ.
განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov. ge
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველები განაცხადის შევსებას 29 იანვრის ჩათვლით შეძლებენ.