საზოგადოება
20.01.2021 16:32
ოქონის ხატი არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა და დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან ხატის მოთხოვნა მიუღებელია - მამა გიორგი
ოქონის ხატის ისტორიიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ის არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა და არ აქვს მნიშვნელობა, სად იყო ხატი ტერიტორიულად, შესაბამისად, ნებისმიერი პრეტენზია ამ სახით, არის მიუღებელი, - ამის შესახებ გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმა მამა გიორგიმ (კარელიძე) დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მხრიდან ოქონის ხატის გადაცემის თაობაზე გაკეთებული განცხადების პასუხად აღნიშნა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს, ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე მორიგი შეხვედრის ბოლო რაუნდზე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან ოქონის ტრიპტიკონის (სპილოს ძვლის სამკარედი ხატი) დაბრუნება მოითხოვა.

გორისა და ატენის ეპარქიის წარმომადგენელი ოქონის ხატის ისტორიას იხსენებს და აღნიშავს, რომ ხატი არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა და დე ფაქტო ცხინვალის პრეტენზიები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.

„ხატის ისტორია, რომელზეც საუბარია და რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ითხოვს, არის შემდეგი: ეს ხატი საქართველოში ჩამობრძანდა მეცხრე საუკუნეში, როგორც ელენე დედოფლის (ბაგრატ IV-ის მეუღლე) მზითევი. ხატს მოჰყვა ბერძენი პიროვნება, რომელიც მოიხსენიებოდა ხატის მცველად და შემდეგ ეს გვარი გაქართველდა და ჩამოუყალიბდა როგორც - ხატისმცველი. სხვათაშორის, დღესაც სახლობენ გორში გარსევანისვილები, რომლებიც იმ გვარის გამგრძელებლად მოიხსენიებიან.

შემდეგ, მეთერთმეტე საუკუნეში, ზნაურის რაიონში აშენებულ იქნა მონასტერი, სადაც დააბრძანეს ხატი, აქ ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ხატისთვის ტაძარი ზნაურის რაიონში რაიმე კონტრეტული ეთნიკური დატვირთვით არ აშენებულა, მსგავსი შემთხვევები საქართველოს ისტორიაში უამრავია, როცა კუთხიდან კუთხეში დააბრძანებდნენ ხატებს ან სხვა სიწმინდეებს, აქ უჩვეულო არაფერია. შემდეგ მოხდა მიწისძვრა და ზნაურის ტაძარი დაინგრა, რის შემდეგაც ხატი გადმოაბრძანეს გორში, სადაც ააშენეს ოქონის ტაძარი და ყველა ხატმა მოიყარა თავი ამ ტაძარში მეცხრამეტე საუკუნემდე, ამ პერიოდამდე სწორედ გორში არის დაცული ყველა ის ხატი, რომელიც ოქონის ხატად იწოდება. შემდგომ, მეცხრამტე საუკუნეში, ხატი გორიდან გადააბრძანეს ცხინვალის მუზეუმში, საიდანაც დაიკარგა.

მოგვიანებით კი, რამდენიმე წლის წინ, ხატი აღმოჩენილი იქნა კრისტის აუქციონზე, სადაც საკმაოდ ძვირად იყო შეფასებული. ფონდ „ქართუს" დახმარებით, სწორედ აუქციონზე გამოისყიდეს ხატი და დაუბრუნდა საქართველოს. ის ამჟამად არის სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული. ამიტომ, ცალსახად ვამბობ, რომ ხატის ისტორიიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ის არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა და არ აქვს მნიშვნელობა, სად იყო ხატი ტერიტორიულად, შესაბამისად, ნებისმიერი პრეტენზია ამ სახით, არის მიუღებელი“, - აღნიშნავს მამა გიორგი.

საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ საკითხზე ოსურ მხარესთან დისკუსიაში არ შედის და არც დამატებით კომენტარს აკეთებს. მოლაპარაკების მაგიდასთან ცენტრალური ხელისუფლების დღის წესრიგის მთავარი საკითხი ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებაა.
კვირის ამბები