საზოგადოება
20.01.2021 16:19
200-ლარიანი დახმარების მისაღებად პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა დღეს იწურება

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ მონაცემების წარდგენის ვადა დღეს, 20 იანვარს იწურება, - აღნიშნულ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად (ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან: https:// eservices.rs.ge

დღეის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით უკვე 115 000 განაცხადია დარეგისტრირებული.

„უწყებას განაცხადი წარედგინება არაუგვიანეს შესაბამისი თვის 20 რიცხვისა, ხოლო თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში არ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას იყენებს წინა განაცხად(ებ)ს.

აქვე გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა: https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენისა და კომპენსაციის უსაფუძვლოდ გაცემის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

კვირის ამბები