გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება. პროექტის განხორციელების შედეგად, 500 - ზე მეტი ოჯახი შეუფერხებლად, 24 საათიან რეჟიმში შეძლებს წყლის მიღებას. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 9 თებერვალს დასრულდება.
GMnews-ის ინფორმაციით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 768 480 ლარია. სასმელი წყლის პრობლემის მოწესრიგება ქიწნისში რეგიონული განვითარების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.
„პროექტით გათვალისწინებულია მწყობრიდან გამოსული ჭაბურღილის გვერდით ახალი ჭაბურღილის მშენებლობა და ორი მოქმედი ჭაბურღილის ამოწმენდა. ასევე, დაგეგმილია ოთხი 50 მ3 კოშკისა და ამდენივე ახალი საქლორატოროს მშენებლობა. სოფელში 24 კმ. ზე მოეწყობა ახალი სისტემა და 550 ოჯახს ინდივიდუალური წყალმზომი მრიცხველი დაუმონტაჟდება“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
ცნობისთვის, ქიწნისში სასმელი წყლის ძველი სისტემისა და ჭაბურღილების გაუმართაობის გამო, მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება. სოფლის ორ უბანში კი, მიწოდება საერთოდ ვერ ხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელს ეს პრობლემა აღარ შეაწუხებს.